2016 წელს სკოლა დაოჯახების მიზეზით 299-მა მოსწავლემ მიატოვა
გასული წლის განმავლობაში დაოჯახების მიზეზით საჯარო სკოლებში სწავლა 299-მა მოსწავლემ შეწყვიტა, – ამის შესახებ მონაცემები ginsc.net საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა.
როგორც ირკვევა, რეგიონების მიხედვით ქვემო ქართლი ლიდერობს, სადაც სწავლა ნაადრევი ქორწინების გამო 90-მა მოსწავლემ შეწყვიტა.
ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში სხვადასხვა მიზეზით სწავლა სულ 11 140-მა მოსწავლემ შეწყვიტა. მათ შორისაა ამორიცხვა, გარიცხვა და სტატუსის შეჩერება.
რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, „ლიბერალისთვის“ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს – 665. მოცემული მაჩვენებლებიდან 95%-ის შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგო იყო.
სახალხო დამცველისთვის განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება. ანგარიშში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის, ვინაიდან ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში გამართული შეხვედრების დროს სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი შეტყობინება.
წყარო: liberali.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments