TDI დმანისში სკოლის დირექტორის მიერ არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციაზე საუბრობს

TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ კანონისა და სკოლის პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის შესახებ საუბრობს.

TDI-ის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 10-11 ივლისს, ქალაქ დმანისში მათი იურისტი იმყოფებოდა და პირველი საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი,  3 მშობელი და 2 მოსწავლე გამოკითხა.

“მშობლები ახსნა-განმარტებებში დირექტორის ქსენოფობიურ განწყობებზე და არაქართველი მოსწავლეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრობენ. გამოკითხული მასწავლებლების თქმით, დირექტორს არ გააჩნია დაკავებული პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები,  მათ შორის,  სასკოლო სივრცეში ინტერკულტურული განათლებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა. დირექტორი არ უწყობს ხელს ეთნიკური ნიშნით განსხვავებული მოსწავლეების ინტეგრაციას და მათთვის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.

“დირექტორი ძალიან ხშირად განსაკუთრებული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ზიზღით მიმართავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც სკოლაში მოდიან, რომ შეისწავლონ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, […] ხშირად ბავშვებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით “გაეთრიეთ, თქვე თათრებო”, “შე ნაგავო სომეხო” და ა. შ” (მ.მ -ს ახსნა-განმარტება),”- ვკითხულობთ TDI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხდებაში.

TDI-ის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებმა მათ უთხრეს, რომ დირექტორი პირველი კლასის ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მისაღებად თვითნებური გამოცდების ჩატარებას გეგმავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მათ, თუ ქართული ენა განსაზღვრულ დონეზე ეცოდინებათ, ასევე. მასწავლებლების თქმით, დირექტორი მაქსიმალურად ცდილობს, სკოლაში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები აღარ სწავლობდნენ.

“ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობელი TDI-თან საუბარში მათი შვილების მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ა.ა-ს თქმით, მთელი წლის განმავლობაში მისი ორივე შვილი ხშირად სკოლიდან სხვა მოსწავლეების მიერ ნაცემი ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თითოეული ფაქტის შესახებ დირექტორს აწვდიდნენ ინფორმაციას, სიტუაცია უცვლელი რჩებოდა, რადგან, როგორც ერთ-ერთი მშობელი ახსნა-განმარტებაში უთითებს, დირექტორი ჩხუბის პროვოცირებაში მუდმივად ადანააულებდა მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს.

მიმდინარე წლის მარტში ა.ა-ს შვილი, რომელიც აღნიშნული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა, სკოლიდან სხეულის გარეგანი დაზიანებებით დაბრუნდა. კერძოდ, მშობლის აღწერით, მას თავის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯებები და მაჯაზე სისხლჩაქცევა. როგორც მოგვიანებით მოსწავლემ მშობელს აუხსნა, უფროსკლასელმა ქართველმა მოსწავლემ მას ხელები გადაუგრიხა და  სახეში თავი დაარტყა. მშობლის თქმით, აუცილებელი გახდა ნაცემი მოსწავლისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. მშობლებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩნეს.

მეორე დღეს მოსწავლე და მისი ერთ-ერთი მშობელი დირექტორთან გამოცხადდნენ, რათა ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია მიეწოდებინათ.

როგორც მშობელმა TDI-ის განუმარტა, დირექტორი მათ აგრესიულად შეხვდა და მოსწავლის სკოლიდან გადაყვანა მოითხოვა. მშობლის თქმით, დირექტორმა განაცხადა, რომ  ,,საერთოდ არ სჭირდებოდა თათარი, სომეხი და რუსი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში და თუ მშობლებს სიტუაცია არ მოსწონდათ, შეეძლოთ  ბავშვი სკოლიდან გადაიყვანათ”.   ა. ა-მ დააკონკრეტა, რომ ეს არ იყო სკოლიდან მოსწავლის გადაყვანის მოთხოვნის პირველი შემთხვევა. ადრე დირექტორმა ა. .-ს შვილები სიზარმაცეში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მოუწოდა, რომ ბავშვები მაინც არ სწავლობდნენენ და სჯობდა, ისინი სკოლიდან გაეყვანა.  ა.ა-ს უმცროსი შვილის, ნ.მ-ს თქმით, დირექტორი საკმაოდ ხშირად იყენებს ტერმინს “თათარი,” უშუალოდ მოსწავლეებთანაც. მოსწავლე TDI-სთან განმარტავს, რომ დირექტორი ხშირად შედის მათ საკლასო ოთახში და მთელი კლასის თანდასწრებით აცხადებს, რომ “თათრები მოსულან”, ან/და “თათრები წასულან”.

გამოკითხული მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ დირექტორი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით და ქსენოფობიური განწყობით გამოირჩევა. მაგალითად, 2016 წელს ერთ-ერთ სომეხ მოსწავლეს “დამპალი სომეხი” უწოდა. მოსწავლის მშობლებმა ფაქტის თაობაზე ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ოფიციალურად მიმართეს განცხადებით, თუმცა მოგვიანებით, თავად დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, უარი თქვეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე და წერილი უკან გამოიტანეს.

ა. ა-ს თქმით, დირექტორი ხშირად ჩხუბობს, ყვირის და არ შეუძლია ნორმალური კომუნიკაცია. მშობელი გამოთქვამს ეჭვს, რომ დირექტორი, შესაძლოა, ზოგჯერ იყოს ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ა.ა-ს თქმით, 2017 წლის მარტის შემდეგ მისი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოსწავლე მუდმივი სტრესის ქვეშ არის და შიშობს, რომ  სექტემბრიდან, როცა სასწავლო პროცესი განახლდება, შესაძლოა, დირექტორმა ისევ მოითხოვოს ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვება ან/და გააგრძელეოს არასრულწლოვანების შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია,”- აცხადებს TDI.

ორგანიზაციის განცხადებით, სწავლობენ ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ სავარაუდო დარღვევებს და უახლოეს დღეებში მიმართავენ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, ასევე, სახალხო დამცველს, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ეფექტიანი რეაგირების მოთხოვნით.

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register