იან კელი – „ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“
მარნეულში აშშ-ს ელჩის ვიზიტის დროს იან კელმა სადილზე მიიწვია მარნეულელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთან ერთადაც ელჩმა განიხილა მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემები და გამოწვევები. სადილზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის წარმომადგენელი ლეილა მამედოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მტრედის“ თავმჯდომარე საბინა თალიბოვა, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ლეილა სულეიმანოვა. საბინა თალიბოვას თქმით ელჩთან საუბრისას განიხილეს ტოლერანტობის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და განათლების ხელმისაწვდომობის თემები.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მარიამ სამხარაძის თქმით იან კელმა ინტერესი გამოთქვა მარნეულში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
აშშ-ს ელჩის თქმით მას საინტერესო საუბარი ჰქონდა თემის ლიდერ ქალებთან და განაცხადა რომ ბიჭებსაც და გოგოებსაც უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები განათლების მიღებისათვის.
იან კელი მარნეულში ვიზიტით 24 ივლისს იმყოფებოდა, ვიზიტის დროს ის ეწვია მუნიციპალიტეტის გამგეობას, დაათვალიერა USAID-ის მიერ დაფინანსებული აგრო პროექტი და სტუმრად იმყოფებოდა ადგილობრივ ტელევიზიაში.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments