საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქისსაკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მოქალაქეობის მიღების შემოთავაზება აქვს.
“ყველაფერი კარგად მაქვს, ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მოქალაქეობის მიღების შემოთავაზება მაქვს. სამუშაოსთან დაკავშირებული შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის არაა. უკრაინელების წინაშე პასუხისმგებლობა ავიღე, რომ მათ ოლიგარქებისგან გავათავისუფლებდი,” – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ საკუთარი უფლებების დაცვას უკრაინულ სასამართლოში აპირებს:
“საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით ვაპირებ უკრაინაში ჩასვლას, უკრაინის სასამართლოში მისვლას, ყველაზე საშინელ სასამართლოში, რათა ღიად და საჯაროდ დავიცვა ჩემი უფლებები, როგორც პრეცედენტი იმისა, რომ მე არ მეშინია.”
სააკაშვილმა საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმა გააცნო და თქვა, რომ ის 10 სექტემბერს გეგმავს ქვეყანაში შესვლას. ამჟამად ის ვარშავაში იმყოფება.
მისი თქმით, ის უკრაინაში, კერძოდ ლვოვში პოლონეთის ტერიტორიიდან შევა, მასთან ერთად კი საზღვარზე იქნებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და სხვა პოლიტიკოსები. მისივე თქმით, ის კიევიდან ოდესაშიც გეგმავს დაბრუნებას.
26 ივლისს ამერიკაში ვიზიტისას პოროშენკომ სააკაშვილს ორი წლით წინ მიცემული მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ანულირებულია მისი პასპორტიც. მიუხედავად ამისა, შემდეგ სააკაშვილი პოლონეთსა და ლიტვაში ჩავიდა.
0 Comments