გადაცემა “ცნობიერება” – სასკოლო მზაობის პერსპექტივა მარნეულში

სასკოლო მზაობის პერსპექტივა მარნეულში

2015 წლის ოქტომბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ცენტრები გაიხსნა.

სასკოლო მზაობის ცენტრები ძირითადად სოფლებში არსებულ საჯარო სკოლებშია განთავსებული: ქეშალოში, კირაჩმუღანლოში, კაჩაგანში, ჯანდარში, თაზაკენტში და სოფელ ყიზილაჯლოსთან მდებარე მარნეულის #6 საჯარო სკოლაში.

ცენტრები მარნეულში მოქმედი ორგანიზაციის, “მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის სახელწოდებაა „სკოლამდელი მზაობის ცენტრების შექმნა მარნეულის მუნიციპალიტეტში“ და როგორც პროექტის დირექტორი, ოლგა ენდელაძე აცხადებს, მხარდაჭერილია საქართველოში პოლონეთისა და ესტონეთის საელჩოების მცირე გრანტების პროგრამის მიერ. ამჟამად კი, ცენტრებში სასწავლო-სააღმზრდელო კურსს 5-დან 6 წლამდე ასაკის 148 ბავშვი გადის.

სასკოლო მზაობის ცენტრებში სწავლა სასკოლო მზაობის პროგრამის „ბასკოს“ მიხედვით მიმდინარეობს. პროგრამა „ბასკო“ პოლონელი ექსპერტების მიერაა შექმნილი და მორგებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასკოლო მზაობის სტანდარტს.

სტანდარტის სტრუქტურის მიხედვით ბავშვის განვითარება პირობითად ხუთ სფეროდ არის დაყოფილი:

1. ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება,

2. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა,

3. სწავლისადმი მიდგომა;

4. მეტყველების განვითარება;

5. სოციალურ-ემოციური განვითარება.

ამ ეტაპზე პროექტის იურიდიულ მხარდაჭერას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.

ჯერჯერობით ფინანსური მხარდაჭერა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხრიდან არ ხორციელდება, თუმცა 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფიქსირდა მზაობა 2016 წლიდან სკოლამდელი მზაობის ცენტრების ფინანსური უზრუნველყოფა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვების შედეგად გამოიკვეთა თვიმმართველობებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი სტანდარტების აუცილებლობა, რომელთა მიხედვითაც სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა განხორციელდება.

 

თამარ მჟავანაძე

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register