აზერბაიჯანელ მომღერალს “ქართული ოცნების” კანდიდატის სჯერა
დღეს, 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამუკიდებლობის დღეს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულელ ამომრჩევლებს აზერბაიჯანიდან მომღერალი ჩამოუყვანა.
მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ, როიას მონაწილეობით წინასაარჩევნო კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ღონისძიება მარნეულის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კლიპის და საარჩევნო ნომრის ფონზე მიმდინარეობდა. კონცერტის წამყვანები თემურ აბაზოვის მხარდამჭერ სლოგანებს აჟღერებდნენ.
კონცერტზე მისული ადგილობრივების უმრავლესობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ თემურ აბაზოვს უჭერენ მხარს და ღონისძიებაზეც სწორედ ამიტომ მივიდნენ. ადგილობრივების ნაწილმა გვითხრა, რომ აზერბაიჯანელი მომღერლი, როია აზერბაიჯანის სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ბაქოდან გამოუშვა.
კონცერტზე მოსახლეობის მობილიზება მმართველმა პარტიამ სხვადასხვა საშუალებით მოახდინა. სამარშუტო ტაქსებით ადგილობრივები სოფლებიდან ჩამოვიდნენ, ხოლო მათ კოორდინაციას სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები ახდენდნენ.
„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის თემურ აბაზოვის და სიის პირველი ნომრის ამირან გიორგაძის ოჯახების გაცნობა საგანგებოდ მოწყობილი საკონცერტო სცენის უკან მოხდა. მათთან ერთად საქართველოში კომპანია „სოკარის“ დირექტორი მახირ მამედოვი იმყოფებოდა.
კონცერტი ნახევარი საათის განმავლობაში აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. სახელწიფო ენა პარლამენტში მარნეულის დეპუტატების სცენაზე გამოსვლის შემდეგ გაჟღერდა. თემურ აბაზოვმა ადგილობრივებს მიმართა და არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა. კანდიდატმა მარნეულის პოლიტიკურ ისტორიაში პრეცედენტი შექმნა და ამომრჩევლებს საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ გააცნო.
“ქართული ოცნების” კანდიდატი სცენაზე იმყოფებოდა, როდესაც წამყვანებმა აზერბაიჯანელ მომღერალს დაუძახეს. როია აიხანმა თემურ აბაზოვს წარმატება უსურვა, მის შვილებს მოეფერა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომრის ფონზე სიმღერა დაიწყო.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება. „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი კი აღნიშნულ ფაქტს კანონდარღევად არ მიიჩნევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა, მმართველი გუნდის კანონდარღვევის ფაქტს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სწავლობს, ხოლო „საერთაშორისო გამჭირვალობა საქრათველო“ ამ ქმედებას როგორც კანონდარღევას უკევე აფასებს.
რადიო “მარნეული“
You may also like
0 Comments