მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები

Kvirikashvili

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება. შესაბამისად, მინისტრის პორტფელის გარეშე რჩება ილია ელოშვილი, რომელმაც ეს პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მისი წინამორბედი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატად ჩაერთო.

კალაძის უწყებიდან წასვლის შემდეგ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა ჯერ ირაკლი ხმალაძემ, რომელმაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა და სავარაუდოდ თბილისის ვიცე მერის პოსტს დაიკავებს და შემდეგ მარიამ ვალიშვილმა, რომელიც “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა.

პრემიერის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ამას გარდა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ისევ გამოეყოფა ბუნებრივი რესურსების კომპონენტი და ის გადავა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

 

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობას ტოვებს. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც ჩამოყალიბდება კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს შერწყმის შედეგად და დაექვემდებარება უშუალოდ პრემიერმინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე – 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.

 

პრემიერ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს ტოვებს ალექსანდრე ჯეჯელავა. ჯეჯელავას მინისტრის პოსტზე თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. 2017 წლიდან იგი იყო ვიცე-პრემიერი და მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლტიკას წარმართავდა.

 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეწყოფა ბუნებრივი რესურსების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო მას დაემატა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პრემიერის განცხადებით, ასეთია ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება.ახალ გაერთიანებულ სამინისტროს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გიგლა აგულაშვილი, შესაბამისად, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს.

 

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას მამუკა ბახტაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამადსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორია. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი განახლებული ეკონომიკის მინისტრი ხდება.

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს თბილიში,  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ ლომონოსოვის  სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს- სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

ბახტაძე 2013 წლის გაზაფხულიდან დაინიშნა “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად. “თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილთან საკუთარმა შვილმა, უტა ივანიშვილმა გაუწია.

 

განათლების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. იცვლება სამინისტროს სტრუქტურაც. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.

მიხეილ ჩხენკელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პრორექტორის თანამდებობას 2016 წლის 1 ნოემბრიდან იკავებს. ის თსუ-ის პროფესორია.

მიხეილ ჩხენკელს დამთავრებული აქვს თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი დაიცვა მათემატიკაში. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ყოფილი დეკანი და ვიცე-პრეზიდენტი

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register