ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა. ამის ამსახველი ბრძანების ტექსტი ილია მეორემ თავად წაიკითხა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მართლმადიდებლები გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ილია მეორეს აქამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე არ ყავდა დანიშნული.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსიცაა, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელობს.
ის ბერად 1993 წელს აღიკვეცა და 2010 წელს კი მიტროპოლიტის ტიტული მიიღო.
წყარო: ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
0 Comments