ნაგვის მდინარე და მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობები

სოფელ სადახლოს ცენტრიდან ასიოდე მეტრში ნაგვის მდინარე იწყება. უკანონო ნაგავსაყრელი სადახლო-მოლაოღლის გზის მთელ მონაკვეთზეა გადაჭიმული და მდინარე ბანოვჩას მიუვება. საშინელი სუნი, ანტისანიტარია და მდინარეში ჩარეცხილი ნარჩენები, სადახლოელებს უკვე რამოდენიმე ათწლეულია რაც ამ პირობებში უწევთ ცხოვრება.
როგორც სოფელ სადახლოს მაცხოვრებელი, 71 წლის კაცი ამბობს, მან მთელი ცხოვრების განმავლობაში იცოდა რომ მდინარის ნაპირას უნდა გადაეყარა ნაგავი, სანაგვე ურნების არარსებობის გამო კი დღემდე ასე უწევს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. ააიპ სუფთა მარნეულის დირექტორის ლერი მუმლაძის თქმით, ისინი იცნობენ სოფელ სადახლოს ნაგავსაყრელის პრობლემას მაგრამ აქამდე არანაირი გაწმენდითი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.
ლერი მუმლაძე ასევე ამბობს რომ მისი სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის 40-45%-ს ემსახურება. არალეგალური ნაგავსაყრელები კი საკმაოდ ბევრია, მაგრამ მათი გაწმენდისათვის სახსრები არ ჰყოფნის. მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის ვუგარ მამედოვის თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 14 ნოემბრამდე წარადგინეს სადაც წინა წელთან შედარებით დასუფთავებისათვის გამოყოფილი თანხები მცირედით არის გაზრდილი.
გამოყოფს თუ არა მარნეულის ახლადარჩეული მერი, თემურ აბაზოვი ნარჩენების მოწესრიგებისათვის ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს ამას 10 დეკემბრის შემდგომ გავიგებთ. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლის ნინო თევზაძის თქმით უკანონო ნაგავსაყრელები არამარტო მარნეულისათვის არამედ ყველა მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც არცერთი რეგიონი არ უზრუნველყოფს მოსახლეობას ნარჩენების სრული შეგროვებით.
ნინო თევზაძე ასევე ამბობს, რომ უკანონო ნაგავსაყრელები გარდა იმისა რომ ანტისანიტარიის წყაროა და მწერებსა და მღრღნელებს იზიდავს, რიგ შემთხვევებში ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შესაძლოა გრუნტისა და ზედაპირული წყლის დაბინძურების წყარო გახდეს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments