მშობლებმა გატაცებული გოგონა სახლში დააბრუნეს
20 წლის თახმინა საკუთარი სახლის ეზოდან ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს. შემთხვევა ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამტაცებელი მარნეულის მუნციპალიტეტში ცხოვრობს. თახმინას სოფელი ბოლნისის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, ასფალთი იქ მთავრდება, სადაც მისი სოფელი იწყება.
სოფლის შესასვლელში ახლგაზრდა ბიჭები შეგვხვდნენ, მათ თახმინას სახლამდე მიგვაცილეს. სახლამდე რამდენიმე ატალახებული ვიწრო ქუჩა გავიარეთ. ცისფერი რკინის კარის მიღმა ორსართულიანი ყვითელი ფერის სახლიდან კაცი და ქალი ჩვენთან შესახვედრად გამოვიდა. თახმინას დედ-მამა ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, თუმცა დაგვიდასტურეს , რომ გოგონა უკვე სახლშია და მას საფრთხე აღარ ემუქრება. დეტალებზე საუბარი მშობლებმა არ ისურვეს და პოლიციასთან გვთხოვეს ინფორმაციის გარკვევვა. მოულოდნელად სამი კაცი და ერთი ქალი ეზოში შემოვიდა. როგორც გაირკვა ისინი ითხოვდნენ, რომ გატაცებულის ოჯახს გამტაცებლისთვის არ ეჩივლა და შერიგებულიყვნენ.
„- ჩვენ შესარიგებლად მოვედით, ძალიან გთხოვთ იქნებ არ დაიჭიროთ ჩვენი ნათესავი, ისიც ახალგაზრდა ბიჭია, მთელი ცხოვრება დაენგრევა. მოვალთ, საქორწილო ბეჭედს მოგიტანთ და იქნებ შევრიგდეთ.
-ჩვენი გოგო მოიტაცეს, არაფერი არ გვჭირდება, წადით აქედან, პოლიციას თხოვეთ ეგ რომ არ დაიჭირონ, ჩვენ თავი დაგვანებეთ.
საუბარს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თახმინას მშობლები შესარიგებლად მოსულებს მოუწოდებდნენ წასულიყვენ, თუმცა საუბარი არ სრულდებოდა. ხმაურზე თახმინა სახლიდან გამოვიდა და სტრესისგან სახლის ეზოში გული წაუვიდა. გოგონას მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ შესარიგებლად მისულებს აუხსნენს, რომ მათი მოთხოვნები კანონსაწინააღმდეგოა და წასვლისკენ მოუწოდეს.
ჩვენ თახმინას მეზობლებს ვესაუბრეთ, მათი თქმით, გოგონა მარნეულის კოლეჯში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. მეზობლები, ამბობენ, რომ ბოლო წლებში გოგონების მოტაცებას სოფელში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
You may also like
0 Comments