12 წლის მარნეულელი მოზარდი მატარებლის დაჯახებით ადგილზე გარდაიცვალა
მარნეულელ 12 წლის მოზარდს სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის თვითმხილველების თქმით ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ისინაი ასევე ამბობენ, რომ მოზარდი ლიანდაგის გზით მიდიოდა სახლისაკენ.
გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-7-ე კლასში სწავლობდა. ის მეორე სმენაში დადიოდა. როგორც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ხუხუამ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მეორე სმენა 18:20 საათზე მთავრდება, რის შემდეგაც გარდაცვლილმა მოზარდმა თანაკლასელებთან და დამრიგებელთან ერთად სკოლა დატოვა და სახლში წავიდა.
„სკოლა დაამთავრა, დამრიგებელთან და კლასელებთან ერთად გარეთ გავიდა. სახლში წავიდა და თითქმის მიახლოებული იყო სახლს, როგორც ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს ლიანდაგებზე რატომ იდგა და რატომ იარა ლიანდაგებით. შვიდის ოც წუთზე მთავრდება სკოლა და 10 წუთშია მომხდარი ეს ამბავი, როგორც მითხრეს, თითქმის მისული იყო სახლამდე.“ – განაცხადა შორენა ხუხუამ.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას, შემთხვევის ადგილთან მცხოვრებნი იხსენებენ, რომ სახლებიდან ხმაურის გაგების გამო გამოვიდნენ. მატარებლის გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა კი მათ არ გაუგიათ. თვითმხილველები ასევე იხსენებენ, რომ ბავშივს ყურსასმენები ეკეთა, ხოლო გახდა თუ არა ეს იმის მიზეზი, რომ მოზარდმა საყვირის ხმა ვერ გაიგო თუ ის, რომ მატარებელს გამაფრთხილებელი სიგნალი არ მიუცია, არ იციან.
საქართველოს რკინიგზამ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.
როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments