“სილქნეტი” აცხადებს, რომ “ჯეოსელს” ყიდულობს
“სილქნეტმა” შესაძლოა “ჯეოსელი” იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია.
“თბილისი, 2018 წლის 26 იანვარი, – დღეს “სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა. მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL).
გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია,”-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სილქნეტის” ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხზე მათთან განაცხადი ჯერ არ შესულა.
„სილქნეტმა“ ფუნქციონირება 2010 წლიდან რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას.
წყარო: netgazeti.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments