10 სამუშაო დღეში მოწერილი 2017 წლის შეფასება
განვლილი წლის შეფასება ერთი შეხედვით შესაძლოა ადვილი გეგონოთ, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ამის გასაკეთებლად ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბრის ბოლოდან 26 იანვრამდე დასჭირდა დრო. 2018 წლის დადგომამდე რადიო „მარნეული“ ცდილობდა, რომ მერიას შეეფასებინა განვლილი 2017 წელი. მაშინ მერის პირველმა მოადგილემ, ზაურ ტაბატაძემ წლის შეფასებაზე უარი გვითხრა, მიზეზად კი ახალი წლის ბოლოს დაგროვილი ბევრი საქმე მოიმიზეზა და 2018 წელს დაკავშირება გვთხოვა. ზაურ ტაბატაძეს 2018 წლის დასაწყისშიც დავუკავშირდით, მაგრამ ამჯერად მან 2017 წლის შეფასებაზე უარი გვითხრა და ინფორმაციის საჯარო წესით გამოთხოვა შემოგვთავაზა. 12 იანვარს რადიო „მარნეულმა“ მუნიციპალიტეტის მერიას მიწერა ოფიციალური წერილი, სადაც ჩვენ განვლილი 2017 წლის შეფასებას ვთხოვდით. კერძოდ კი გვაინტერესებდა თუ რა ძირითადი გამოწვევები და მიღწევები ჰქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტს 2017 წელს, რამდენ სოფელში მოხდა გზების რეაბილიტაცია და რამდენ სოფელში მოწესრიგდა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ წერილზე რადიო „მარნეულს“ ზუსტად 10 სამუშაო დღეში უპასუხა.
როგორც მარნეულის მუნიციპლაიტეტის მიერ მოწერილი ოფიციალური წერილიდან ვკითხულობთ, 2017 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურისა და სპორტის განვითარება, სოციალური უზრუნველყოფა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებრივ საქმიანობებში.
ოფიციალურ წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ 2017 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან აღსანიშნავია 35 სოფელში ჩატარებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამში დაიგო 48 191 მეტრი გზა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 704 526 დაიხარჯა.
2017 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მოწესრიგდა სოფელ იმირში, ბურმაში, ქვემო სარალში, დამიაში, კუჩუში, ალგეთში, ხიხანში, ხოჯორნში და თაზაქენდში. მათგან კი აღსანიშნავია სოფელი ხიხანი და სოფელი ალგეთი სადაც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა 60 536 და 78 689 ლარი დახარჯა.
მერიის მიერ მოწერილი ოფიციალური წერილიდან ასევე ვკითხულობთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს 2013 წლიდან დღემდე ჩაუტარდა რეაბილიტაცია სტანდარტების მიხედვით და ეზოებში მოეწყო საბავშვო მოედნები. 2017 წელს დასრულდა 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ სადახლოსა და სოფელ ალგეთში, რომლების 150-150 ბავშვზე არიან გათვლილი.
2017 წელს 8 სოფელში და 18 ქუჩაზე მოეწყო გარე განათება.
სოფელ ალვარსა და ახკერპში კი მოეწყო სპორტული მოედნები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, საკუთარი მერობის პერიოდი 2017 წლის მბოლო მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ ერთი ფორმა მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენაა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments