ქუთლიარის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა
დღეს, 1 თებერვალს, სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ქენენ ომაროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გაჩნდა და ხის ჭერს მოეკიდა. სახანძრო სამსახურის მოსვლამდე კი სკოლის დამხმარე პერსონალს ცეცხლი უკვე ჩაქრობილი ჰქონდა.
ხანძარი ქუთლიარის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მეორე გაკვეთილის დაწყების შემდგომ გაჩნდა. ამ კლასში 17 მოსწავლე სწავლობს.
მარნეულის რესურსცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეჩერდა, დღევანდელი გაკვეთილები კი შაბათს ჩატარდება.
ომაროვმა ასევე თქვა, რომ ერთი კლასის დაზიანება სამომავლოდ საგაკვეთილო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან სკოლაში არსებობს სხვა, ცარიელი, კლასი სადაც მე-4 კლასის მოსწავლეები ხანძრისაგან დაზიანებული ოთახის გარემონტებამდე ისწავლიან.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments