ლეილა მამედოვა გენდერული თანასწორობის საბჭოში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავს
მარნეულში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ ბოლო სხდომაზე, 6 თებერვალს მიიღო. როგორც უკვე ცნობილია, საბჭო 9 წევრისგან დაკომპლექტდება, მათგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება.
როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა,ამის შესახებ მარნეულში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მედიის საშალებით შეიტყვეს. მათი ნაწილი საბჭოს წევრების გადანაწილებას პროტესტს უცხადებს. კონკრეტულად კი საბჭოში ეთნიკური უმცირესობების არარსებობას აპროტესტებენ.
სამირა ბაირამოვა მარნეულელი აქტივისტია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს შექმნა კარგი ტენდენციაა, მაგრამ მასში ეთნიკური უმცირესობების ჩართვა აუცილებელია.
„როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხებსაც აქვთ საკუთარი ტრადიცია, კულტურა და ღირებულებები. ყველა ამ საკითხზე გენდერულ საბჭოშიც იქნება საუბარი და კარგი იქნება, რომ ყველა თემის წარომადგენელი იყოს ამ საქმიანობაში ჩართული“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირის“ თავმჯდომარის ლეილა მამედოვას თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ მან „ფეისბუქის“ მეშვეობით გაიგო და თვლის, რომ ეს სულელური და არასამართლიანი სიტუაციაა, რადგანაც მარნეულში მუშაობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართულებითაც, რომლებიც საბჭოს შექმნის დროს წარმოდგენილი არ იყვნენ. მამედოვა საბჭოს ეთნიკურ დაუბალანსებლობასთან ერთად მასში ნეპოტიზმის ნიშნებზეც საუბრობს.
“ მთელი ეს ნეპოტიზმი, მთელი ეს ნათესაური ფრთა ,რომელიც საკრებულში კაცების მხრიდანაა წარმოდგენილი იმდენად ნათელია და იმდენად შეურაცხმყოფელი, რომ მე ვთვლი, ჩვენ მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად ჩავატარებთ თათბირს და ღია წერილში გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს ამ საბჭოს მიმართ და უპირველეს ყოვლისა ალბათ მოვითხოვთ, რომ ამ საბჭოს შემადგენლობა გადაიხედოს“
ლეილა მამედოვამ ნეპოტიზმთან დაკავშირებით კონკრეტული პირების დასახელება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას არ ისურვა, მაგრამ ის საბჭოსათვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს და თვილს, რომ მას სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც დაუჭერენ მხარს, მაგრამ ჯერ არ იცის თუ როდის მიმართავს საკრებულოსა და პარლამენტს ოფიციალური წერილით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გენდერულ საკითხებში და გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ია ესებუა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შესახებ გვესაუბრა. მისი თქმით, კანონში პირდაპირაა გაწერილი თუ რომელი თანამდებობის პირები უნდა იყვნენ საბჭოს წევრები.
„საბჭოს თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. საბჭოს მოადგილე უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მდივანი უნდა იყოს (საკრებულოს თავმჯდომარის) თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ასევე საბჭოში უნდა იყვნონ სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული, საფინანსო-საბიუჯეტო ასევე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და აუცილებლად უნდა იყოს არასამთავრობო სექტორიდან ჩენს მიერ შერჩეული ერთი წევრი“.
ია ესებუა ასევე განმარტავს, რომ საბჭოს წევრები სხვა მსურველები ვერ გახდებიან, რადგან მათ ამის უფლებას კანონი არ აძლევთ, მაგრამ ნებისმიერ მსურველს შეეძლება გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირებაში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments