“მე ვერ ვიტყვი უარს ჩემს რელიგიაზე საზოგადოების ზეგავლენის გამო”
ფოტო: 1tv.ge
დალი სოლომონიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მის მიმართ ბევრი ადამიანი იჩენს ცნობისმოყვარეობას. თანატოლებისგან თითქმის არაფრით გამორჩეული გოგონას მიმართ ინტერესს მხოლოდ ის იწვევს, რომ ის არასდროს ჩნდება თავსაფრის გარეშე. ეს მისი რელიგიური კუთვნილების ატრიბუტია. დალი სოფრომაძე ქართველი მუსლიმია.
იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. სტუდენტობის პარალელურად „ქართველ მუსლიმთა კავშირშიც“ საქმიანობს. მის მიერ ჩატარებული ერთერთი ბოლო კვლევა ქართველი მუსლიმი ქალების პრობლემებს ეხებოდა. გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ინტერვიუ დალი სოლომონიძესთან:
ფოტო: 1tv.ge
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ რელიგიურობაზე გაგეკეთებინათ განსაკუთრებული აქცენტი. ეს თქვენი არჩევანია, თუ ტრადიციის შედეგი?
– ვფიქრობ, ადამიანს რელიგიის არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. მე მუსლიმ ოჯახში გავიზარდე, თუმცა ეს არ იყო ჩემი არჩევანის საფუძველი, მუსლიმური ცხოვრების წესს უპირატესობა აბსოლუტურად გაცნობიერებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში მივანიჭე. ჩემთვის ეს არის გზა ჭეშმარიტებისკენ, ეს არის ჩემი სიმშვიდე და მე მაქვს უფლება, ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა.
– არსებობს მოსაზრება, რომ ქალებს რელიგიური ცხოვრება გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის, გზღუდავთ თუ არა რომელიმე მიმართულებით თქვენი ცხოვრების წესი?
– მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ ისლამი ადამიანს და განსაკუთრებით ქალს ზღუდავს, არ აძლევს განათლებისა და მუშაობის საშუალებას. ჩემი რელიგია მაძლევს აბსოლუტურ უფლებას, აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვსწავლობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ვსაქმიანობ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირში“. ისიც კი შემიძლია ვთქვა, რომ განათლებას რელიგია მავალდებულებს. რელიგია კარგად და სიღრმისეულად უნდა იცოდე, ამის შემდეგ ქრება ყველა სტერეოტიპი.
ისლამი არის მთელი ფილოსოფია. მისი უკეთ შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ არასდროს ვიარო თავსაფრის გარეშე. ეს ჩემი რელიგიური კუთვნილების ატრიბუტია. მე არ მზღუდავს ჩადრი, ასე უნდა ღმერთს და ეს არის სწორედ ჩემი თავისუფლებაც. მართლმადიდებლურ გარემოში ვარ, მეგობრების უმრავლესობაც მართლმადიდებელია, მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს მეგობრობაში. ეს ჩვენ ადამიანურ ურთიერთობებს გვასწავლის, რომელიც რელიგიური ჩარჩოებით არ უნდა იზღუდებოდეს.
– სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტ ინტერესს სწორედ თქვენი რელიგიური ატრიბუტიკიდან გამომდინარე იწვევთ. ხომ არ გიქმნით ეს ინტერესი გარკვეულ დისკომფორტს?
– ვერ ვიტყვი, რომ ჩადრი არ ქმნის ბარიერებს ყოველდღიურ ყოფაში. გოგონები, რომლებმაც გადაწყვიტეს თავსაბურავი ატარონ, ხშირად გამხდარან არაკეთილგანწყობილი, დამცინავი შემოხედვის ობიექტები. მათთვის ხშირად დაკეტილია საჯარო უწყებები, კონკურსში მონაწილეობას პრაქტიკულად აზრი არა აქვს, ამიტომ უმრავლესობას, რომლებმაც განათლება მიიღეს, ურჩევნიათ სამსახური ისეთ კომპანიებში იშოვონ, რომელთა მფლობელებიც რელიგიურად ისლამის მიმდევრები არიან და სადაც თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობენ.
ამ გარემოებებს სწორედ საზოგადოების გაუნათლებლობას ვუკავშირებ. არსებობს სტერეოტიპი, რომ მუსლიმები არიან ტერორისტები. პირადად ჩემთვის უთქვამს ერთერთ ისტორიკოსს, რომ უნდა მრცხვენოდეს, რადგან მუსლიმი ვარ და მტრის რელიგიას მივსდევ და მავიწყდება ვინ იყო ჩემი წინაპარი. ვერ გავიზიარებ და ვერ მივიღებ ეროვნებისა და რელიგიურობის აღრევას. ისლამი არ არის არაბებისა და თურქების კუთვნილება, არ შეიძლება ყველა მუსლიმი გაიგივებული იყოს რომელიმე ერთან. მისი აღიარების უფლება აქვს ყველას, მათ შორის ჩემნაირ ქართველ გოგონასაც.
– რას ფიქრობთ, რამ უნდა დაამსხვრიოს სტერეოტიპები, რომლებიც, როგორც თქვენ ამბობთ, საკმაოდ მძლავრადაა საზოგადოებაში?
– ვფიქრობ, სტერეოტიპების მსხვრევის მიმართულებით, სახელმწიფოს როლი უნდა გაძლიერდეს. მე ვერ ვხედავ სახელმწიფოს თანადგომას, პირიქით, პოლიტიკოსებისგან ხშირად მომისმენია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული განცხადებები. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის თავიდან აცილებას განათლების საწყის ეტაპზეც კი, სკოლაში, საიდანაც იწყება ყველაფერი, სადაც უნდა ჩამოყალიბდეს მოქალაქე. ვიცი ფაქტები, როდესაც კლასში მასწავლებელმა იმ მოსწავლეებსაც აიძულა პირჯვრის გადაწერა, რომლებიც მუსლიმ ოჯახებში იზრდებიან. გაკვეთილებზე ბევრს მოუსმენია მასწავლებლისგან ისტორიული მტრებისა და ისლამის საშიშროების შესახებ. არა მგონია ეს ნორმალური მოვლენა იყოს. ეს არის ამ ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმა.
მუსლიმ ოჯახში აღზრდილი ძალიან ბევრი მოინათლა მართლმადიდებლად და ეს აჭარაში საკმაოდ ძლიერი ტენდენციაა. პატივს ვცემ მათ არჩევანს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმის გამო, რომ ვერ გაუძლეს ზეწოლას, უმცირესობაში ყოფნას, ადამიანები ამას არ უნდა აკეთებდნენ კარიერისთვის.
– ისლამის მიმართ, როგორც რელიგიისადმი გარკვეული სტერეოტიპები მთელ მსოფლიოში არსებობს, გამონაკლისი არც საქართველოა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
– გარკვეული სტერეოტიპები გააძლიერა მსოფლიოში რადიკალური მიმდინარეობების გაჩენამ, რომელთაც ისლამთან, როგორც რელიგიასთან, საერთო არაფერი აქვთ. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ტრადიციული ისლამის განვითარებას – ისლამის მიმდევრების განათლებას, რათა ჩაწვდნენ საკუთარი რელიგიის არსს, ბოლომდე გაიგონ, რომ ეს რელიგია არის, პირველ რიგში, ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა. როცა ეს თავად გჯერა და მყარია შენი შეხედულებები, სხვისი დარწმუნებაც არ არის ძნელი.
– თქვენ ცხოვრობთ რელიგიური წესების დაცვით, ასევე გინდათ, იყოთ ძალიან აქტიური მოქალაქე, რამდენად თავსებადია ეს ორი ფაქტორი? როგორ ანაწილებთ დროს?
– მე ვერ ვიტყვი უარს ჩემს რელიგიაზე საზოგადოების ზეგავლენის გამო, ეს ჩემშია, მე მჯერა, ცხოვრების ეს წესი ყველაზე ახლოა ჩემთვის. მე ვარ აქტიური მოქალაქე და ამაში სულაც არ მიშლის ხელს, რომ დღეში ხუთჯერ გავიხსენო ღმერთი, დღეში ხუთჯერ შევასრულო ნამაზი და მადლობა ვუთხრა, რომ ვარსებობ, არც ის მიჭირს, წელიწადში ერთი რამაზანის თვე მძიმე მარხვას დავუთმო, მე ეს მაძლიერებს, ეს მაძლევს სიცოცხლის უფრო მეტ უნარს. მე ვარ მუსლიმი და მე ვარ თავისუფალი… და მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ.
marneulifm1106 Posts
0 Comments