ხმაურიანი შეხვედრის მიუხედავად მერმა გადაწყვეტილება არ შეცვალა
დღეს, 12 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, თემურ აბაზოვს მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა. შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში სადახლოს მაგისტრალზე გარე მოვაჭრეობის აკრძალვას ეხებოდა, მოვაჭრეები რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობენ აბაზოვისაგან ვადის გაზრდასა და ალტერნატიული ადგილის შეთავაზებას ითხოვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდა საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან, „ევროპული საქართველოდან“, ახმედ იმამკულიევი. როგორც იმამკულიევი ამბობს, მათ მერისაგან 6 თვანი ვადა მოითხოვეს.
“მოსახლეობას არ აძლევენ ალტერნატიულ ფართს რომ ისინი წავიდნენ და სხვაგან ივაჭრონ და გაყიდონ თავისი საქონელი. ამბობენ რომ ერთი თვის ვადაში მთლიანად უნდა აიღონ თავისი ჯიხურები, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ მერს რომ მინიმუმ ექვსთვიანი ვადა მისცეს ამ ხალხს, აგვისტოს ბოლომდე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქონლის გაყიდვა და არ იზარალონ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ მათგანს ბანკიდან აქვთ ვალი აღებული.“ – ახმედ იმამკულიევი
მერისა და მოსახლეობის შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, თემურ აბაზოვს საკუთარი გადაწყვეტილება არ შეუცვლია და გარემოვაჭრეებს დრო კვლავ ერთი თვე მისცა.
„მე ისევ და ისევ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, უბრალოდ ის დავამატე, რომ ჩვენ დღესაც ვფიქრობთ თუ როგორ შეიძლება იგივე ადგილას იყოს ლამაზი კონსტრუქცია კანონის ფარგლებში აშენებული სადაც ისინი შეძლებენ კანონის ფარგლებში, გზიდან მოშორებით, უსაფრთხოდ ვაჭრობას.“ – თემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი ასევე ამბობს, რომ გარე მოვაჭრეებისათვის ალტერნატიული ფართი ჯერ არ არსებობს და მუნიციპალიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments