ძალადობის და ადრეული ქორწინების შესახებ ყოფილმა ომბუდსმენმა მარნეულელ მოსწავლეებთან დისკუსია გამართა
ფოტო: თამარ ლუკავა
23 მარტს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა დისკუსია მარნეულის საჯარო სკოლების უფროსკლასელ გოგონებთან ერთად სახელწოდებით „ქალი ნივთი არაა“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი თამარ ლუკავა ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი საკითხების -ქალზე ძალადობა, ადრეული ქორწინება და ოჯახში ძალადობის თემების განხილვაა.
დისკუსიას მარნეულის სამი სკოლიდან მე-5, მე-6 და მე-2 სკოლებიდან 35 მოსწავლე ესწრებოდა. მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და კითხვები დაესვათ ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისათვის.
დისკუსიისას მოსწავლეები განიხილავდნენ სკოლისა და საზოგადოების როლს ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისათვის, რასთან დაკავშირებითაც ნანუაშვილმა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“დამოკიდებულება ძალიან ბევრ რამეს წყვეტს, ერთ სიტყვასაც შეუძლია, რომ რაღაც შეცვალოს. ყველას უნდა მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს მაქიმალურად მეტი განათლება მითუმეტეს, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ძალადობაზე ვსაუბრობთ და ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ ბავშვი ზარალდება უმეტესად , როდესაც მშობლებს შორის არის რაიმე კონფლიქტი ან ძალადობა, მერე რთულია ხოლმე მდგომარეობის გამოსწორება“- ამბობს უჩა ნანუაშვილი
დისკუსია მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში , რომელიც ქალებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლების გაძლიერებას შეეხება.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments