One Caucasus-ის ფესტივალი დიდი ალბათობით მარნეულიში აღარ ჩატარდება

collage221

ფესტივალი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასა და უამრავ უცხოელ ტურისტს აერთიანებს შესაძლოა მარნეულიდან ქვემო ქართლის სხვა რაიონში გადავიდეს. One Caucasus-ის ფესტივალი მარნეულში, სოფელ წერაქვში ოთხი წლის განმავლობაში იმართებოდა. ყოველწლიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები აშენებდნენ ერთგვარ საფესტივალო ქალაქს, რათა მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს ჰქონოდათ ადგილი, სადაც ოთხ დღეს ერთად გაატარებდნენ, მოუსმენდნენ სასიამოვნო მუსიკას, დაისვენებდნენ ოჯახებთან ერთად და გაეცნობოდნენ მათი მეზობლების კულტურას.

„ერთიანი კავკასიის“ ფესტივალის გამართვისათვის 2017 წელს 16 ქვეყნიდან 30 მოხალისე მუშაობდა, ისინი საფესტივალო ქალაქის მშენებლობის პარალელურად მარნეულის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიდნენ ვიდეოების გადაღებას, ეხმარებოდნენ ზღაპრების შექმნაში და რაც მთავარია აახლოებდნენ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ფესტივალმა ბევრი მოხალისის ცხოვრებაც შეცვალა მაგალითად, შაფაგი გოგონა აზერბაიჯანიდან „ერთიან კავკასიაზე“ 3 წლის განმავლობაში იყო მოხალისე და ჩვენთან საუბრისას აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, უღურმა კი აქ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.

ფესტივალზე ყოველწლიურად იწვევდნენ ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, სენეგალი, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ისინი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ და ქმნიდნენ მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზს მაგალითად,  პოლონურმა ბენდმა Psio Crew და თსუ გორდელამ ერთობლივი  კომპოზიცია შეასრულეს. ცნობილი ჯგუფების გარდა უცხოელი მუსიკოსები ადგილობრივ ბენდებთან ერთადაც მღეროდნენ.

მაგრამ წელს ამ შესაძლებლობას მარნეულის მერია ადგილობრივებს აღარ აძლევს. ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ 2017 წლის კოორდინატორი ირაკლი მიქიანი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარნეულის მერთან და მის მოადგილეებთან ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვედრები ნოემბრის თვიდან ჰქონდათ, ამ შეხვედრებიდან გამომდინარე კი თვლის, რომ ფესტივალთან დაკავშირებით მარნეულის მერიის ინტერესი ძალიან დაბალია.

ირაკლი მიქიანმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ფესტივალის ორგანიზატორები, მუნიციპალიტეტიდან პრობლემების შექმნამდე, არც კი ფიქრობდნენ One Caucasus-ის მარნეულის ფარგლებს გარეთ ჩატარებაზე, მაგრამ მათ მერიის პასუხგაუმცემლობის გამო უკვე დაიწყეს სხვა მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით „ერთიანი კავკასიის“ ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ბოლნისის მუნიციპალიტეტთანაც აქვს და მათ ფესტივალის ბოლნისში ჩატარებაზე პირველივე შეხვედრებიდან გამოთქვეს მზაობა. ამ ინფორმაციას კი ქვემო ქართლის გუბერნატორიც გვიდასტურებს.

რადიო „მარნეული“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერიისაგან ოფიციალური კომენტარის აღებას. რამდენჯერმე დავურეკეთ მერს, თემურ აბაზოვს, მაგრამ ის რადიო „მარნეულის“ თანამშრომლების ნომრებს არ პასუხობდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კი მერთან ინტერვიუზე, როგორც გვეუბნებიან, შეთანხმება მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოახერხა, დღის ბოლოს კი ტრადიციულად ოფიციალური წერილით მიმართვა გვთხოვეს, რის შემდეგაც მერს უცხო ნომრთ დავუკავშირდით და მოვახერხეთ მისი ჩაწერა. როგორც მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა გვითხრა, ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა.

ჩვენს კითხვაზე, თუ როდის იქნება ცნობილი მარნეულის მერიის ოფიციალური გადაწყვეტილება „ერთიანი კავკასიის“ ჩარტარებასთან დაკავშირებით მერმა შემდეგნაირად გვიპასუხა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მზადაა One Caucasus-ის ფესტივალიმა მათ რაიონში გადაინაცვლოს. როდესაც ჩვენ თემურ აბაზოვს ვკითხეთ, იქნებოდა თუ არა მარნეულის მერიის გადაწყვეტილება დაგვიანებული, მან გვიპასუხა რომ მერიის პასუხი, იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი, დროული იქნება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register