მარნეულში მდებარე ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ
2015 წლის 23 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე, კულტურული თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოიცა ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ბრძანებას ახლავს დანართი, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 ობიექტია მითითებული: ობიექტთაგან შვიდი არქიტექტურის, ხოლო ერთი, – სადახლოს ხიდი, საინჟინრო სახეობისაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და ახალგაზრდული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე გვიამბობს ობიექტების აღრიცხვისა და აღწერის პროცესზე. იგი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ელგუჯა კუპატაძის განმარტებით, უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება, ძეგლებს ერთგვარად გარანტირებულს ხდის დაცული იყოს ხელოვნური დაზიანებებისა და უდიერი დამოკიდებულებისაგან. 2016 წლის ბიუჯეტში კი იგეგმება გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გასატარებელი სამუშაოების დასაფინანსებლად.
საუბრისას გაჟღერდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული მოძრავი ძეგლების თაობაზეც . მოძრავ ძეგლებს შორის დასახელდა ხოჯორნის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ბურდაძორში აღმოჩენილი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული სტელები და სოფელ გიულიბახში აღმოჩენილი სტელა. ბატონი ელგუჯა აღნიშნავს, რომ სოფელ გიულიბახში არსებული სტელა VI საუკუნით თარიღდება და იგი ამჟამად სოფელში არსებული სკოლის კედელშია ჩაშენებული.
კულტურული თვალსაზრისით ღირებული ობიექტების აღწერის, პასპორტიზაციის, აღრიცხვის და ელექტრონული ბაზის ფორმირების პროცესი გრძელდება.
პროცესის უწყვეტობის დასტურია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება, რომლის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულმა კულტურული თვალსაზრისით ღირებულმა კიდევ 27 ობიექტმა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments